საქართველოს სახელმწიფო დროშა
საქართველოს სახელმწიფო დროშა — საქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტისმოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.
საქართველოს სახელმწიფო დროშა | |
საქართველო | |
მიღებულია | |
---|---|
პროპორცია | |
კომპიუტერული დიზაინი |
თეთრი მართკუთხა ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი
|
სიმბოლიკა |
იესო ქრისტე და ოთხი მახარობელი
|
ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.
საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დროშის მიმდინარე ვერსია დადგენილია პრეზიდენტის 25 იანვრის №31 ბრძანებულებით.
საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებზე, აგრეთვე საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.
დროშის შესახებ
საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს ჯვაროსან გოდფრუა ბუიონელის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო. ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს, იერუსალიმსგანასახიერებს. იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი: გოდფრუა ბუიონელის გერბი, იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს. ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფიქსირდა ანჯელინო დულჩერის პორტულანზე (1339წ.) და ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების პორტულანზე (1367წ).
დროშის დღე
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება იანვრის თვის 14 რიცხვში, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა, ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა.ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს დროშები, მარჯანიშვილის მოედანზე აღმართეს საქართველოს დიდი დროშა, ხოლო პატარა დროშები უბრალო გამვლელებს დაურიგეს.
ადრეული საქართველოს დროშები
ადრეული საქართველოს დროშები სხვადასხვაგვარი იყო. ცალ-ცალკე არსებობდა სახელმწიფო დროშა, საეკლესიო, ლაშქრის. სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ეწოდებოდა (სხვაგვარად სეფე-დროშა). XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს“. იგი იყო ერთიანი საქართველოს სიმბოლო. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან უნდა მოდიოდეს და თეთრი ფერისა უნდა ყოფილიყო, მიმაგრებული წითელ ჯვრიან ბუნზე. სომეხ ისტორიკოსთა ცნობით თეთრ დროშაზე რაღაც ნიშანი იყო დატანილი, თუმცა უცნობია კონკრეტული გამოსახულება. არსებობს სხვა ცნობაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით. გადმოცემით, „გორგასლიანი და დავითიანი“ დროშა მე-19 საუკუნემდე არსებობდა და იგი ქუთაისის სამეფო ზარდახანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს გაუტაციათ.
XIII-XIV საუკუნეებში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავიც, მასზე თეთრი ტოლმკლავიანი ჯვრით. ფიქრობენ, რომ იგი დავით ნარინმა შემოიღო დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების შემდეგ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის პერიოდიდან დროშათა ნარისახეობაც გამრავლდა. ქართლის სამეფო დროშა მოწითალო შინდისფერი გახდა. დასავლეთ საქართველოში კი დამკვიდრდა თეთრი დროშა.
დამოუკიდებელი საქართველო (1918-1921, 1990-2004)
საქართველოს დამოუკიდებლობის მოკლე ხნის განმავლობაში 1918-21 წლებში მიღებული იყო სამფერი დროშა (მარჯვნივ). დიზაინი შერჩეულ იქნა ეროვნული დროშის დიზაინის კონკურსით, რომელშიც მხატვარი იაკობ ნიკოლაძის იდეამ გაიმარჯვა. დროშა 1921 წელს საქართველოს რევკომმა გააუქმა საქართველოს ანექსიის შემდგომ და ის მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს აღადგინეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ამ დროშამ მოგვიანებით პოპულარობა დაკარგა, ვინაიდან საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის ქაოტურ და სისხლიან პერიოდთან ასოცირდებოდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
საბჭოთა საქართველო (1921-1990)
საბჭოთა პერიოდში საქართველოში წითელი საბჭოთა დროშის რამდენიმე ვარიანტი იყო მიღებული, რომელზეც ან საქართველოს სსრ-ის სახელი იყო აღბეჭდილი, ან წითელი ნამგალი და ურო ვარსკვლავით ლურჯ მზესა და ლურჯ ზოლზე დროშის ზედა ნაწილში (მარჯვნივ). ეს დროშა საქართველოს მთავრობამ გააუქმა 1990 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებისას.
„გულებიანი დროშის“ პრობლემა
2013 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის გუმბათზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროშა აღიმართა, რომელიც პარტიამ 5 ნოემბერს მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროშის აღმართვას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა, რომლის განცხადებით „საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე სხვა დროშის აღმართვა კანონის უხეში დარღვევაა და დაუშვებელია ქვეყნის სიმბოლოების მიმართ აგდებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან. მივმართავთ პრეზიდენტ სააკაშვილს, დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის თავზე“. მოგვიანებით მთავრობის პოზიციას დაეთანხმა პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, რომელმაც გაავლო პარალელი ავლაბრის რეზიდენციასა და თეთრს სახლს შორის და პრეზიდენტს ძველი დროშის დაბრუნებისკენ მოუწოდა.მოგვიანებით ავლაბრის რეზიდენციის გუმბათზე აღმართული დროშის პრობლემას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“წევრი, გიორგი კანდელაკი, რომელმაც ახალი დროშის განმარტება გააკეთა. მისი მოსაზრებით, „[...] პოლიტიკაში მთავარი არის კონტექსტი. კონტექსტი სწორედ ეს არის, რომ ჩვენი დაპირისპირება და შუღლი მტერს აძლევს ხელს. ჩვენ უნდა გადავაბიჯოთ ამ ყველაფერს და უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესით. ეს არის არსი“. დღის ბოლოს დროშასთან დაკავშირებით კომენტარი გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინსტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა. მისი განმარტებით „დროშა აღმართულია მხოლოდ ერთი დღით, სასახლეში მუსიკალური კლიპის გადაღებასთან დაკავშირებით.“10 ნოემბერს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც განაცხადა:„არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, ვინაიდან როცა შემომქონდა მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და ამასთანავე საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის“. 2013 წლის 10 ნოემბრის შუადღეს ავლაბრის რეზიდენციის გუმბათზე საქართველოს სახელმწიფო დროშა ისევ აფრიალდა.
Немає коментарів:
Дописати коментар